თამაზ მეჭიაური: გიორგი მარგველაშვილს საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა სურს

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა სურს, – ასე შეაფასა „კვირასთან“ საუბრისას “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტისთვის ვეტოს დადების შესახებ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს და მომავალ არჩევნებში იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად უნდა იყაროს კენჭი, სადაც თავს კარგად გრძნობს.
მეჭიაურის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
„გიორგი მარგველაშვილი ნერვებს უშლის ხალხს. სურს, რომ დესტაბილიზაცია  და ნიჰილიზმი შეიტანოს მოსახლეობაში. ააგოროს უკმაყოფილების ტალღა. იმედი აქვს, რომ ხალხი აჰყვება და გამოიწვევს დესტაბილიზაციას. ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია და ვამბობ, რომ პრეზიდენტს სურს, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამას ცდილობენ, მაგრამ ვერ აიყოლებენ ვერც ბანკებს, ვერც მოსახლეობას, იმიტომ რომ მათ არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ.
ახლა პრეზიდენტსაც გაუჩნდა დიდი ამბიცია, რომ მართლაც პრეზიდენტია. თუ ღირსება გააჩნია, უნდა დაეტოვებინა სხვის მიერ ნაბოძები ადგილი. არავის ეგ არ აურჩევია, თუ უნდა გახდეს პოლიტიკური ლიდერი, გადადგეს, იყაროს მომავალ არჩევნებზე კენჭი იმ გუნდთან ერთად, რომლის წიაღშიც უკეთესად გრძნობს თავს, თუ, რა თქმა უნდა, მიიღებენ ისინი, – მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ან ის არასამთავრეობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიციიდან გამოსულმა ზონდერბრიგადების წევრებმა შექმნეს, რომელთა უკანაც მოსახლეობის 1 პროცენტიც კი არ არის. ხელისუფლებამ მათთან ენით მოჩლექვით საუბარს თავი უნდა დაანებოს და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები