გიორგი კვირიკაშვილი: არ მგონია, ვეტოს გამოყენება სწორი იყოს

მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, არ მგონია, რომ ვეტოს გამოყენება ამ შემთხვევაში სწორი იყოს, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრს სავალუტო ფონდთან შეხვედრა ჰქონდა და სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული ბოლო რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტში თითქმის მთლიანად არის გათვალისწინებული.
„სავალუტო ფონდთან გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ბოლო რეკომენდაციები, რაც იყო სავალუტო ფონდიდან გამოთქმული, შენიშვნები თითქმის მთლიანად არის გათვალისწინებული, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს ვეტო, არ მგონია, ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორი იყოს “, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები