თავდაცვის მინისტრი ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე ტური იმერეთის რეგიონში სტუმრობით გააგრძელა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კოპიტნარში, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფი მოინახულეს. თინათინ ხიდაშელმა ტელერეპორტიორებთან ერთად სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ბაზის შეიარაღებას გაეცნო.

კოპიტნარში ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის მეთაურ პოლკოვნიკ მიხეილ სადუნიშვილთან ერთად III ქვეით ბრიგადას ესტუმრა.

ქუთაისის ბაზაზე თინათინ ხიდაშელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდა, შემდეგ კი დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიმონეთის პოლიგონზე გადაინაცვლეს, სადაც ჟურნალისტებთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო სწავლებას დააკვირდნენ. საბრძოლო სროლების დასრულებისთანავე სტუმრებისთვის ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება „კონტაქტზე რეაგირება“ მოეწყო. „ეს სწავლება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაიგეგმა, რათა გენახათ თუ რა ტიპის სწავლებებში არიან ჩართული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები რეგულარულად.
ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო. ჩვენი ჯარისკაცების მზადყოფნის დონე პირველ რიგში ასეთი სწავლებებით მოწმდება. ისინი ბუნებრივია იღებენ შენიშვნებს არსებობის შემთხვევაში და უფრო აუმჯობესებენ საკუთარ ტექნიკას. ჩვენი ჯარით და მისი მზადყოფნით ყველა აღფრთოვანებულია. ორიგინალურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ამ ბიჭებს ერთადერთი რაც აკლიათ არის სრულყოფილი ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური ხელშეწყობა, რათა მათი შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად რეალიზებული იმ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რასაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა III ქვეით ბრიგადაში არსებული მდგომარეობაც შეაფასა. მისი განცხადებით, პრობლემები მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა და მათ მოსაგვარებლად ფინანსური რესურსია საჭირო. „კოპიტნარში ნამდვილად ძალიან მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ სხვა ბაზებზეც ანალოგიური, ან უფრო ცუდი სიტუაცია შეიძლება ნახოთ. დღეს ქუთაისის III ბრიგადაში ვიყავით და სამზარეულოს კვების ბლოკში კატასტროფული მდგომარეობაა. პირველ რიგში, სწორედ, მათ უნდა დავეხმაროთ და ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა ყურადღება საჰაერო თავდაცვაში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზეც გაამახვილა

„ხელშეკრულება ხელმოწერილია და დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსური ნაწილიც დამტკიცდა. შესაბამისად, გეგმით როგორც იყო გათვალისწინებული, დავიწყებთ შესყიდვებს და პირველ ეტაპზე შესაბამისი კონტინგენტს ტრენინგებზე გავგზავნით. ასევე, ფრანგები ჩამოვლენ საქართველოში ჩვენი სამხედროების მოსამზადებლად. თანდათანობით გავაუმჯობესებთ სხვაობას ძველი ხელშეკრულებების ვერსიებსა და იმას შორის, რასაც ხელი მოეწერა. მთავარია ჩვენი ამოცანა შევცვალეთ და თავდაცვის სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გენერალურ შტაბთან ერთად დავისახეთ, მათთან კონსულტაციით და მათი რჩევით, რომ ერთი სეგმენტი მთლიანად დაგვესრულებინა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის კუთხით შეძენილი ტექნიკის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ერთი სეგმენტი, ანუ საჰაერო თავდაცვა, იქნება მთლიანად შევსებული – ჩვენ დავინახავთ ყველაფერს, ხედვა გვექნება 100%-იანი და ასევე, წინააღმდეგობის გაწევის პირველადი ეტაპი გვექნება სრულყოფილი. დანარჩენი კი შემდგომი მოლაპარაკებებისა და ფინანსური შესაძლებლობების საქმეა“, – განაცხადა მინისტრმა.

დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფში თავდაცვის მინისტრისა და ჟურნალისტების ვიზიტი ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრობით დასრულდა. ლიცეუმის კლუბში გაიმართა ლექცია თემაზე „სამოქალაქო თავდაცვა და სამხედრო განათლება“. დისკუსიას თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტების, რესურსცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ხვალ თინათინ ხიდაშელი საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები