გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაციას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ცალკეული რადიაციული, ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური დაცვის ასეულის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს.
“ასეულის ამოცანას რადიაციული კონტროლის უზრუნველყოფა, პირადი შემადგენლობის სანიტარული დამუშავება, ობიექტების, ტექნიკისა და აღჭურვილობის დეკონტამინაცია წარმოადგენს. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილემ კრისტოფერ ფლოიდმა საქართველოს თავდაცვის უწყებასა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული დაცვის შესაძლებლობებს გაზრდის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებზე რეაგირების დამხმარე უწყებას წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის მორეაგირე უწყებებს სპეციალური ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით უზრუნველყოფს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ“, -აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები