მინდია ჯანელიძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, გენერალ უილიამ ფრეიზერის ხელმძღვანელობით, ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსის – CAPSTONE-ის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო და კვლავაც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.
მინდია ჯანელიძემ სტუმრებს გააცნო ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ, აგრეთვე სტრატეგიულ დონეზე კრიზისული სიტუაციების მართვის სამომავლო გეგმები.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე, საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბილანიშვილი და თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე.
აღსანიშნავია, რომ CAPSTONE-ის დელეგაცია გახლავთ ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებური ჯგუფი, რომლის მიზანია მოამზადოს კურსის მონაწილეები სტრატეგიულ დონეზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები ახორციელებენ სასწავლო ვიზიტებს უცხოეთში, სადაც ხვდებიან მასპინძელი ქვეყნის მაღალჩინოსნებს, რომლებთანაც განიხილავენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და ასევე მთავარ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები