გიორგი აბაშიშვილი: ადმინისტრაციის შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან თავსებადობაშია
ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას.
როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირს წარედგინა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის მიხედვით საფინანსო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში რჩება.
“დღეის მდგომარეობით, როგორც ევროკავშირიდან, ასევე საერთაშორისი სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით მსოფლიო ბანკთან. ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის მიხედვით საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ თვენახევრის წინ რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა – ოთხმა ორგანიზაციამ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა ძალიან ნეგატიურად შეაფასა.
“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროქტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, თანახმად ასოცირების დღის წესრიგისა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში საბანკო ზედამხედველობა, ხოლო ეროვნულ ბანკს ეძლევა საშუალება, უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა”, – განაცხადა აბაშიშვილმა.