ანა დოლიძემ თავდაცვის სამინისტროში Capstone-ის დელეგაცია მიიღო

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით Capstone-ის დელეგაცია იმყოფება.
გენერალ უილიამ ფრეიზერის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ანა დოლიძემ Capstone-ის ჯგუფის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და შეხვედრა დადებითად შეაფასა.
„ამ პროგრამის წევრები არიან ლიდერები ამერიკაში სამხედრო სფეროში. ისინი ამერიკის სამხედრო პოლიტიკას და, გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის წევრებთან შეხვედრა, მათთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს გაცნობა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ეს კონტაქტები აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობაში გამოგვადგება“, – განცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
Capstone-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებით და რომელიმე კონკრეტულ სამხედრო სასწავლებელს არ წარმოადგენს. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები