თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დასავლეთ სარდლობის ბაზებზე – “ყველაფერი, რასაც ჭამს ქართული ჯარი, იქნება ქართული”
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფების დათვალიერებას განაგრძობს. დღეს თინათინ ხიდაშელი ხობში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების მშობლებს შეხვდა და პრობლემის გადაჭრაში დახმარება აღუთქვა. შემდეგ კი ხობში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადასაც ესტუმრნენ.
თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად ბრიგადის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სიმულაციური სწავლების კაბინეტიც დაათვალიერა, სადაც სამხედრო მოსამსახურეების მიერ აწყობილი უნიკალური სასწავლო დანადგარია განთავსებული. მოგვიანებით კი სტუმრები საველე ტაქტიკურ სწავლებას დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა საკითხზე ინფორმაცია მოისმინა და დასავლეთ სარდლობის შტაბთან ახლად გახსნილ სასადილოს ესტუმრა. სასადილო შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითაა აღჭურვილი. თინათინ ხიდაშელმა პირობა დადო, რომ 2016 წლის ბოლოსთვის ყველა სამხედრო ქვედანაყოფში ასეთივე სასადილო იქნება.
„რადგან პრობლემა რთულია, მის მოგვარებას ბევრი დრო და ფული სჭირდება. ამიტომ პირადად ვთხოვე დახმარება ფონდ „ქართუს“ და ისინი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს მშენებლობას დაიწყებენ. დარწმუნებით ვამბობ, რომ 2016 წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ამ დროისთვის კვების საკითხი მოგვარებულია, კვება მეტ-ნაკლებად სტანდარტულია, თუმცა, დამეთანხმებით, რომ თუ თავად სასადილოში ანტისანიტარიაა, სულ რომ „რადისონის“ საკვები შევიტანოთ, პრობლემის შექმნის ალბათობა მაინც რჩება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ორი საკითხი პარალელურ რეჟიმში გამოსწორდეს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ჯარის ქართული პროდუქტით კვებაა და ეს საკითხიც მომავალი წლისთვის მოგვარდება.
„ყველაფერი, რასაც ჭამს ქართული ჯარი, იქნება ქართული. მთლიანად ჩავანაცვლებთ ქართული პროდუქტით გაყინულ ხორცსა და ქათამს და მხოლოდ იმ პროდუქტს შემოვიტანთ, რაც საქართველოში არ არის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საკითხზეც ისაუბრა. “როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ლარი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. ხვალ თავდაცვის მინისტრი რეპორტიორებთან ერთად შეხვედრებს ქუთაისში გამართავს და კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და მესამე ქვეით ბრიგადას დაათვალიერებს.