თინა ხიდაშელი უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრს თან ახლდნენ მოადგილეები: დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე.

შეხვედრა საგანმანათლებლო საკითხებზე დაახლოებით, ორ საათს გრძელდებოდა.

თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნივერსიტეტებთან ნაყოფიერად უნდა ითანამშრომლონ და მათი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენონ.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, დაწყებული იმ უნივერსიტეტებით, რომლებსაც სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე მაგისტრატურა აქვთ, დასრულებული სამხედრო აკადემიით, რომელიც თვდაცვის სამინისტროსთვის შეიძლება მნიშვნელოვან პარტნიორად ვიგულოთ, როცა ვსაუბრობთ ჯარის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ა.შ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იყო. ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, მათ შორის თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო პროგრამების მომზადების საკითხს. ვისაუბრეთ კურსებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიარონ უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციებზე, რომელსაც ეს უნივერსიტეტები, სავარაუდოდ, ჩაატარებენ სამხედრო ნაწილებში. ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს ფრაგმენტული, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს და საზოგადოების სრული სპექტრი და სეგმენტი მოიცვას, რათა ჯარი ერთიანი ქართული საზოგადოების ნაწილი გახდეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის სამინისტროს და მინისტრის ინიციატივებს დადებითად აფასებენ უნივერსიტეტების რექტორები. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჯარისკაცების განათლების საკითხში ჩაერთონ და სამინისტროსთანაც აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ.

„ქალბატონმა თინამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათგან ბევრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. საკითხების სპექტრმა აჩვენა, რომ თავდაცვის სამინისტრო დიდი მონდომებითა და სერიოზულობით განიხილავს ჯარისკაცების განათლების საკითხს. ჯარში ინტელიგენციამ და უნივერსიტეტებმა უნდა ჩაატარონ ლექციები, სემინარები. შევთანხმდით, რომ ჩვენს შორის კომუნიკაცია იქნება და უაღრესად მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ.

„ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. შევთანხმიდით, რომ ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ სამინისტროსა და ქალბატონი თინას მხრიდან ვიგრძენით მზაობა, რომ ქვეყანაში თავდაცვის სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაკეთდეს. ჯარისკაცებისთვის მხოლოდ კარგი გაწვრთნა და შეიარაღება არ არის საკმარისი, მათ კარგი განათლებაც უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ლელა ქელბაქიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები