ანა დოლიძე: ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის გახსნილობა ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან

„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის გახსნილობა და პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან, მათი ოჯახის წევრებთან“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, რომელმაც დღეს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში მოქალაქეებთნ პირველი აუდიენცია გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძისთვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელისთვის, მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება ადამიანთან, მოქალაქესთან, საზოგადოებასთან.

თავდაცვის სამინისტროსთვის გამჭვირვალეობის თემა უცხო არ არის.

მოქალაქეებისათვის სამოქალაქო მისაღები 2013 წელს გაიხსნა, სადაც თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი, მინისტრის მრჩეველი, თანამშრომლები მოქალაქეებს ხვდებიან და მათ საკითხებს განიხილავენ.

სამოქალაქო მისაღების პროექტი თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალე და ღია პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. დღეს ანა დოლიძე ხუთ მოქალაქეს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, ლონდა ვარდოსანიძე 2010 წლიდან შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები საკმაოდ დაშორებულია, არადა, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახსაც ყურადღება სჭირდება. მაიორი თევდორე ქავთარაძე ბინის პრივატიზაციის საკითხით არის დაინტერესებული.

მოქალაქეებს მოლოდინი აქვთ, რომ მათ ისტორიებს მინისტრის მოადგილე სათანადოდ გადაწყვეტს. ეს და სხვა საკითხები დღევანდელი დღის თემები იყო.

ანა დოლიძესთვის მთავარია მოქალაქეების თხოვნებს, წერილებს უწყება დროულად გამოეხმაუროს. მისი თქმით, თავდაცვის უწყება და, კონკრეტულად, სამოქალაქო მისაღები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები