23 ივლისი ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა

დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა. 23 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს პირადად მიულოცეს.
საზეიმო ცერემონიალს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ ინჟინერ-მესანგრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მსხვერპლისათვის, რომელიც საინჟინრო ბრიგადამ საქართველოსა და მსოფლიოს მშვიდობის დაცვისათვის გაიღო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, თქვენს მიერ შეტანილი წვლილი 13 ივნისის სტიქიის შედეგების დაძლევაში. თქვენს გარეშე, ამ პრობლემების მოგვარება, ალბათ, ისე სწრაფად და ეფექტურად ვერ მოხდებოდა. თუმცა, თქვენი წვლილი და ის მომავალი, რომელიც თქვენ უნდა ააშენოთ, უფრო მეტია, ვიდრე კრიზისების აღმოფხვრა. ტექნოლოგიური პროგრესის აუცილებლობა და აუცილებლობა იმისა, რომ ტექნოლოგიურ ცოდნაში მოხდეს ინვესტირება, ეს არის ჩვენთვის, როგორც განვითარებადი სახელმწიფოსთვის მთავარი ამოცანა. ახლახან დავბრუნდი ჩრდილოეთ ამერიკიდან და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისაღები კონკურსი არის სწორედ საინჟინრო ფაკულტეტზე. შეიძლება ითქვას, რომ გარანტია აქვს ნებისმიერ სტუდენტს, როდესაც დაამთავრებს საინჟინრო ფაკულტეტს, ექნება ძლიან მაღალ ანაზღაურებადი და უზრუნველყოფილი სამსახური. ჩვენ, როგორც განვითარებად სახელმწიფოს, ძალიან კარგად გვესმის რაოდენ დიდი ფინანსური და სხვა სოციალური პრობლემები გვაქვს. ერთადერთი გზა, რომ მოვახდინოთ ისეთი გარღვევა, როგორიც გააკეთა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ – ესტონეთმა ან ისრაელმა, არის ტექნოლოგიურ პროგრესში ინვესტიციის განხორციელება. საინჟინრო მეცნიერების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ეს ძალიან კარგად ესმის თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელობას“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
23 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე მოხალისეებმა სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. სწორედ ამ თარიღს დაუკავშირდა მოგვიანებით საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.
ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე, საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკა გოჩა შავგულიძემ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სამხედრო დანაყოფის კაპელანმა მამა ზაქარიამ კი, პანაშვიდი გადაიხადა. იუბილესთან დაკავშირებით, საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ცერემონიალის ბოლოს კი მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ საზეიმო ტორტი გაჭრა. ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები