„დეპუტატის გამონათქვამი უფრო ტრაგიკული იყო, ვიდრე კომიკური. ადამიანები იმ საქმეს უნდა აკეთებდნენ, რომელიც მათ ეხერხებათ“
„დეპუტატების ცალკეული გამონათქვამები უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური. გუშინდელი განცხადებაც იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანები იმ საქმეს უნდა აკეთებდნენ, რომელიც მათ კარგად ეხერხებათ“,- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დემურ გიორხელიძე პარლამენტში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას.
ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს მოქმედი პარლამენტის სისუსტეს გაუსვა ხაზი და ქალთა კვოტირების საკითხსაც შეეხო.
მისი განცხადებით, სასურველია, თუ ქალები მეტი დოზით ჩაერთვებიან პოლიტიკაში, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ აქ ღია, თავისუფალი მოქმედებაა საჭირო და ხელოვნური კვოტირება ქალების პოლიტიკაში ჩაბმის დისკრედიტაცია იქნება.
„ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტს, როგორც კარიკატურას პარლამენტისას, რომელიც არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, ჩაძირულია თვითკმაყოფილებაში. ასეთი სუსტი პარლამენტი საქართველოში, ვფიქრობ, რომ არ ყოფილა. პოლიტიკა ადამიანის მოღვაწეობის განსაკუთრებული სფეროა. საქართველოში ყველა პოლიტიკაში მირბის, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი ბიზნესი პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლაა. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური კვოტირებები პოლიტიკაში მაინცდამაინც კარგი შედეგის მომტანი არ იქნება. თუ ქართველი ქალები იაქტიურებენ პოლიტიკურ ასპარეზზე და პროფესიულ პოლიტიკურ ცხოვრებას აირჩევენ, მათ, მართლაც, სერიოზული წარმატება ელით, იმიტომ რომ ქვეყანაში არსებულმა 25-წლიანმა კრიზისმა აჩვენა, რომ ქართველი ქალი ქართველ მამაკაცთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერია კრიზისულ სიტუაციებში. მას შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს ოჯახის რჩენაზე, შვილების მომავალზე, მას შეუძლია ბევრ რამეზე აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ხელოვნური კვოტირება ქალების პოლიტიკაში ჩაბმის დისკრედიტაცია იქნება. ვფიქრობ, აქ საჭიროა ღია, თავისუფალი მოქმედება და ასეთ შემთხვევაში ქართველ ქალებს სერიოზული პერსპექტივა აქვთ, მაგრამ თუკი ეს ხელოვნური კვოტებით გადაიფარება, რომ გინდა თუ არა ამდენი ქალი იყოს, მაშინ მე დავსვამ საკითხს, ვის აქვს უფლება განსაზღვროს, რამდენი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში და რამდენი – არა. ეს ანტიკონსტიტუციური და ანტიბუნებრივია. ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული ქვეყნისთვის“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოსო ჯაჭვლიანი გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მის განცხადებას არაერთი შეფასება მოჰყვა.
„ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი „იბიარდზე“ იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა გუშინ სოსო ჯაჭვლიანმა სესიაზე.