კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა
გარდაბანში ახალი ელექტროსადგურის გახსნას ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე – პრემიერი კახა კალაძეც დაესწრო.
მინისტრმა ელექტროქვესადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ელექტროენერგია საზღვრებს გარეთ გავიდეს.
„ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგოსექტორი და თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და მინდა დაგარწმუნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და რომ ჩვენ მოვახერხოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ მოვახერხოთ მისი გატანა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ელექტროქვესადგური გახსნა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამასთანავე სიმძლავრე, რომლის გამომუშავებაც მოხდება, დაგეგმილზე მეტი იქნება,“- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზიმ.