რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლით „საქსო PHONE“ დახურა. სპექტაკლი ახალგაზრდა თაობაზეა. იმ თაობაზე, რომელსაც თეატრში წასასვლელად დაპატიჟება სჭირდება და სპექტაკლის ყურებისას რომ არანაირ ეთიკურ ნორმებს არ ითვალისწინებს. იმ თაობაზე, რომელიც სპექტაკლიდან გამორბის, კომპიუტერთან ჯდება და პოსტის წერას იწყებს, ან ფეისბუქზე სპექტაკლის დროს გადაღებულ სურათებს ტვირთავს. თაობა, რომელსაც მოხუცების მიმართ არანაირი პატივისცემა არ შემორჩა და უხეშად შეუძლია მიუთითოს სად დაჯდეს და როგორ მოიქცეს. სპექტაკლი – ეს არის ახალგაზრდების მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი კი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.
ფესტივალი „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას.
უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.