“ერთ სადარბაზოში ოთხი მიცვალებული ასვენია“ – თბილისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

7 ივლისს, გლდანი – თიანეთის გზაზე, მამკოდის მონაკვეთზე, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ავტოკატასტროფას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა: 21 წლის ირაკლი ჭანია, 22 წლის ზუკა ლემონჯავა, 21 წლის შოთა ანჯაფარიძე და 22 წლის კოკა ჯობავა. ეს უკანასკნელი იმ დღეს იუბილარი იყო, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 22 წლის კოკა ჯობავას დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებმა ბუნებაში, მამკოდის ტყეში გადაწყვიტეს… შეღამებულზე კი თბილისისკენ გამოემართნენ.
„კვირის პალიტრა“ გარდაცვლილების ახლობელს, კახა გოგოხიას ესაუბრა:- ვერ აღვწერ იმ საშინელებას, რაც ახლა ჩვენს უბანში ტრიალებს. მთელი უბანი ბიჭებს გლოვობს. ერთმანეთზე უკეთესი, უპატიოსნესი ბიჭები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მეგობრები კი არა, ძმები იყვნენ. ზუკა მორაგბე იყო, ძალიან ყურადღებიანი, უბანში თუ ვინმეს დაინახავდა, მძიმე ბარგი მოჰქონდა, გაიქცეოდა და უსიტყვოდ ჩამოართმევდა… ირაკლი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო… კოკა ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი გახლდათ. ცრემლებს ვერ ვიკავებ, დაუჯერებელია, რომ ცოცხლები აღარ არიან. შოთა, უკეთილშობილესი ბიჭი, ეკლესიურად ცხოვრობდა. ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. ცოლს სულ ეხმარებოდა, პატარას უბანში ასეირნებდა. ასეთი მოსიყვარულე ოჯახის შემყურეს, მთელ უბანს გვიხაროდა… ახლა კი ერთ სადარბაზოში 4 მიცვალებული გვისვენია“, – ნათქვამია „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები