ირაკლი გოგავა: პოროშენკოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სააკაშვილის გამოპანღურება, ამიტომ ბოლომდე პოროშენკოს ყურმოჭრილი მონაა
„პოროშენკოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სააკაშვილის გამოპანღურება ან საქართველოს სამართალდამცავებისთვის გადაცემა, ამიტომ ბოლომდე პოროშენკოს ყურმოჭრილი მონაა“,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს ყოფილმა მრჩეველმა ირაკლი გოგავამ განუცხადა.
როგორც გოგავა აცხადებს, პოროშენკოს ჯერჯერობით სჭირდება სააკაშვილი, განსაკუთრებით იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც მას არ შეუთანხმდებიან.
„სააკაშვილმა ევრომაიდნის წარმატებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და რაღაც აქტივობები კიდეც დააფინანსა. გარდა ამისა, პირადად პოროშენკოს დაეხმარა, პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დასახელებულიყო და არა კლიჩკო. ამ ყველაფრისთვის სააკაშვილს ჯერ რამდენიმე სფერო მისცეს, ბოლოს კი გავლენის სფეროები შეუკვეცეს და „კარმუშკად“ ოდესის გუბერნატორობა დაუტოვეს.
პოროშენკოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სააკაშვილის გამოპანღურება ან საქართველოს სამართალდამცავებისთვის გადაცემა. ვფიქრობ, ეს ოდესის გუბერნატორმა კარგად იცის, ამიტომ ბოლომდე პოროშენკოს ყურმოჭრილი მონაა. გავიხსენოთ, როგორ დატუქსა უკრაინის გენპროკურორმა სააკაშვილი მისი გერის, ოდესელი პროკურორის, გორნოსტაევას გაკრიტიკებისთვის, მან კი წყენა გადაყლაპა.
ეს, მართლაც, სასაცილო იყო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა არ იცოდა, რომ პროკურორი გორნოსტაევა გენპროკურორის გერი იყო, თორემ მისი გაკრიტიკებისგან თავს შეიკავებდა. უკრაინის პოლიტელიტის დაკვეთა, რომ რეფორმები ჩატარდეს, არც არსებობს. უბრალოდ, მიმდინარეობს ქონებისა და გავლენების გადანაწილება. არსებულ სიტუაციაშიც ელიტა თავს კომფორტულად გრძნობს. მას მხოლოდ რეფორმების იმიტაცია სჭირდება, რათა დასავლეთიდან კრედიტები აიღონ.
იქნებ საჩვენებელი რეფორმები: ავტოინსპექცია გადაკეთდება პატრულად, ავარიული სახლების ფასადები შეიღებება, მაგრამ ფუნდამენტურ სფეროებში: ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მეცნიერებასა და ახალ ტექნოლოგიებში აუცილებლად უკუსვლა იქნება.
ვფიქრობ, სააკაშვილის დესანტი ჩაამთავრებს პოროშენკოს პრეზიდენტობის ციკლს. სააკაშვილი ამასობაში ბევრ შოუს მოაწყობს, თუმცა ამისი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ოდესის პორტის კონტრაბანდული ტვირთების გაკონტროლება იქნება მე მას კარგად ვიცნობ“,-განაცხადა გოგავამ, რომლის თქმითაც, სააკაშვილი საკუთარი დროის 70 პროცენტს ფულის კეთებას უთმობს, 30 პროცენტს კი – პოლიტიკას.
„ასე იქცევა 1995 წლიდან, როდესაც პირველი დიდი ფული რუსული „იტერას“ გაზის სქემებით იშოვა. „იტერა“ რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი კომპანია იყო და საქართველოს გაზის მოწოდებაზე ხელშეკრულებას „გაზპრომს“ კი არა, „იტერას“ უდებდა. იქ, სადაც ახლა სააკაშვილი მოღვაწეობს, კორუფციის უმაღლესი დონეა და აქვს შანსი, ოდესის პორტიდან 2-3 მილიარდი დოლარი იშოვოს, თუმცა ცხადია, ეს ფული თავის უკრაინელ პატრონს უნდა გაუყოს“, – დასძინა უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს ყოფილმა მრჩეველმა.