„ალეკო შალამბერიძის გასვენებაში, ვინც ჭავჭავაძის პროსპექტზე საჭირისუფლოდ იყო მოსული, “სითი პარკმა“ დააჯარიმა“
ალეკო შალამბერიძის გასვენებაში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, ვინც საჭირისუფლოდ იყო მოსული, “სითი პარკმა“ დააჯარიმა – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს.
„სითი პარკის“ წინააღმდეგ ბრძოლასაც, ცხადია, გავაგრძელებთ, ახლა ორმაგი მოტივაციით გავაგრძელებთ ალეკოს გარეშე ამ საქმეს. რაც ერთად დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანთ. იქნება საპროტესტო აქციები, სხვა აქტივობები, პარლამენტში შევიტანთ იმ კანონპროექტებს, რომლებიც ამ თავხედ კომპანიას ხელ-ფეხს შეუკრავს და ასევე, მის მიერ უკანონოდ გამოწერილ ჯარიმებს ჩამოაწერს ხალხს. სხვათა შორის, ალეკოს გასვენებაში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, ვიდრე მას გამოასვენებდნენ, ვინც საჭირისუფლოდ იყო მოსული, რამდენიმე კაცი დააჯარიმეს. არ ვიცი, ამით „სითი პარკმა“ შური იძია ალეკოზე, თუ ეს რა იყო, აზრზე ვერ მოვსულვარ. ასევე, ეთერი კაკულიას დაკრძალვის დღეს, ქაშუეთის ეკლესიასთან, ბუნებრივია, ძალიან ბევრი მანქანა იდგა. „სითი პარკმა“ აქაც გამოიღო ხელი – დაკრძალვაზე მოსული ხალხის მანქანები დააჯარიმა. ეს უკვე მართლა უზნეობის უმაღლესი ზღვარია და ცხადია, ასეთ უზნეო კომპანიას ვერასდიდებით ვერ შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ თბილისიდან მის გასაძევებლად“,- აცხადებს კახა კუკავა “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, სწორედ ალეკო შალამბერიძე ედგა სათავეში “სითი პარკის“ წინააღმდეგ “თავისუფალი საქართველოს“ მიერ წამოწყებულ ბრძოლას.