ალექსი პეტრიაშვილი ფინანსურ სკანდალში გაეხვია – რა წერია აუდიტის დასკვნაში
„ალექსი პეტრიაშვილი ფინანსურ სკანდალში ეხვევა“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ , სადაც საუბარია ალექსი პეტრიაშვილის მინისტრობის პერიოდში ევროინტეგრაციის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ კვლევაზე.
როგორც გამოცემა აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით წერს, ევროინტეგრაციის სამინისტროში დიდი ოდენობით საწვავი არამიზნობრივად იხარჯებოდა.გამოცემის ინფორმაციით, აუდიტის ამ ანგარიშით შესაძლოა, მალე პროკურატურა დაინტერესდეს და არ არის გამორიცხული, რომ ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დაკითხვაზე გამოიძახონ, მით უმეტეს, რომ ზემოხსენებულ ანგარიშში სხვა არამიზნობრივი ხარჯებზეც არის საუბარი.
„აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ 2014 წელს პეტრიაშვილის უწყების მიერ გაწეული საწვავის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთელი სამინისტროს მიერ მოხმარებული საწვავის 57 პროცენტი კი ალექსი პეტრიაშვილზე განპირობებულ ავტომობილ TOYOTA Land Cruiser 200-ის (სახელმწიფო ნომრით FOF-778) და მინისტრის მოადგილეზე განპირობებულ MIT-SUBISI Pajero-ზე (სახელმწიფო ნომრით XCX-070) მოდის. TOYOTA Land Cruiser 200- ალექსი პეტრიაშვილის სარგებლობაში 2013 წლის 28 ივნისს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის სპეციალური ბრძანების საფუძველზე გადაეცა, ამ დროიდან 2014 წლის ჩათვლით აღნიშნული ავტომობილის მიერ გაწეული 22 ათას ლიტრამდე საწვავის ხარჯი, უფრო ზუსტად კი – 21 983 ლიტრი. ავტომობილის გადაცემის პერიოდისთვის მიერ გარბენი 50200 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა შემდგომ გავლილი მანძილის აღრიცხვა აღარ წარმოებდა. ამიტომ, მოხმარებული საწვავის და წვის მაქსიმალურ კოეფიციენტზე (100 კილომეტრზე 19 ლიტრი) დაყრდნობით აუდიტის ჯგუფის მიერ გამოთვლილი იქნა გასავლელი მანძილი. გახარჯული საწვავით თუ ვიმსჯელებთ, ალექსი პეტრიაშვილზე განპირობებული ავტომობილის მინიმალური გარბენი, მისი გადაცემის მომენტიდან 2014 წლის ჩათვლით, უნდა ყოფილიყო 165 900 კილომეტრი, თუმცა, როგორც „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნით დგინდება 2015 წლის 18 თებერვალს ხსენებული სატრანსპორტო საშუალების გარბენი შეადგენდა მხოლოდ 104 500 კილომეტრს, ანუ გარბენმა, ფაქტობრივად, გაწეულ ხარჯთან მიმართებაში მინიმუმ 61 400 კილომეტრით ნაკლები შეადგინა. სწორედ ამ მანძილის გასავლელად საჭირო საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბარი აუდიტის ანგარიშში, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მინისტრ პეტრიაშვილზე საწვავი გაიცემოდა მაშინაც კი როდესაც იგი საქართველოში არ იმყოფებოდა“,-წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტმა ასევე საწვავის მომწოდებელი კომპანიისგან (ლუკოილ ჯორჯია) გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ზემოხსენებულ ავტომობილში საწვავის შევსების შესახებ, კონკრეტული დროისა და რაოდენობის მითითებით.
დადგინდა, რომ მინისტრი საქართველოს ტერიტორიაზე არყოფნისას მასზე მიმაგრებულ (TOYOTA Land Cruiser 200, ნომრით FCF 778) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სისტემატურად ხდებოდა საწვავის შევსება. მხოლოდ ამ პირობებში ჩასხმულია 2616 ლიტრი საწვავი. ანალოგიურ ვითარებაში, მინისტრის მოადგილეზე მიმაგრებულ ავტომობილ MITSUBISI Pajero-ში ჩასხმულია 2497 ლიტრი საწვავი, ხოლო მეორე მადგილეზე მიმაგრებულ ავტომობილ LEXUS LS 4600-ში – 865 ლიტრი საწვავი.
გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში შტატით მომუშავე თანამშრომლების უმეტესობაზე პრემიების გაიცემის ფაქტიცაა გამოვლენილი.
„საანგარიშო პერიოდში პრემიის სახით გაცემულმა სახსრებმა თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებაში 60 პროცენტი შეადგინა. იყო შემთხვევები, როდესაც თვეში გაიცემოდა ერთზე მეტი პრემია. ასე მაგალითად, 2014 წლის 3 იანვარს აპარატის ოთხ თანამშრომელზე. პეტრიაშვილის #1 ბრძანების საფუძველზე გაიცა პრემია, საერთო ჯამში, 11 ათას 100 ლარის ოდენობით.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წახალისების დასაბუთება ტრაფარეტულია და რეალობას არ ასახავს. 2014 წლის 17 იანვარს (ბრძანება #17) მთლიანობაში 26 თანამშრომელზე, მათ შორის 2014 წლის 3 იანვარს პრემიერულ 4 თანამშრომელზეც. 2014 წლის 19 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ორი თანამშრომელი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მთავარი სპეციალისტი, რომელთა პრემირებაც განხორციელდა განთავისუფლების დღეს. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს პრემიის სახით მიეცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 182%-ი, ხოლო მთავარ სპეციალისტს – 263%-ი. ასევე, 2014 წლის 22 აპრილს განთავისუფლებულია დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც განთავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე მიღებული აქვს პრემია და დანამატი, საერთო ჯამში, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 277%. ნათქვამია აუდიტის ანგარიშში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ მთავრობის დადგენილების მიუხედავად, პეტრიაშვილის უწყებაში დანახარჯები, შემცირების ნაცვლად, 16%-ით გაიზარდა. კონკრეტულად დანამატების ოდენობა კი, მინისტრის ბრძანებით, 2014 წლის მეორე ნახევარში 770 პროცენტით გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, ევროინტეგრაციის სამინისტროში გაიცემოდა თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობის პრემიები, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილების თამახმად: „საჯარო დაწესებულებაში დასაქმეულ პირზე ერთჯერადად გაცემულ პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს“,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ „თავისუფალი დემოკრატების“ერთ- ერთ ლიდერს, ყოფილ ევროინტეგრაციის მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს დაუკავშირდა, რაზეც გამოცემამ მისგან ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო: „უნდა გავარკვიო ეგ საკითხი, ამიტომ ჯერ ვერ მოგცემთ კომენტარს“.