საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მამაკაცებში საშუალო ასაკი 31 წელი, ხოლო ქალებში 26 წელია.
როგორც „რეზონანსი“ წერს, ქორწინების საშუალო ასაკი 1990 წელს ვაჟებში 27 წელი იყო, ხოლო ქალებში 23. 2000 წლის მონაცემებით კი ვაჟების საშუალო ასაკი 28-მდე გაიზარდა, ხოლო ქალების 24 გახდა. რაც შეეხება ქორწინების საშუალო ასაკის ბოლო მონაცემებს, ვაჟებში ქორწინების საშუალო ასაკმა 31-ს მიაღწია, ხოლო ქალებში – 26-ს.
„როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ვგებულობთ, 2000 წლიდან საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ბოლო წლებში უფრო თვალშისაცემი ხდება“, – წერს გაზეთი.
ამავე სტატიაში გამოცემა მკითხველს დემოგრაფ ანზორ სახვაძესთან ინტერვიუს სთავაზობს. როგორც სახვაძე აცხადებს, ქორწინების საშუალო ასაკის ზრდა ევროპული ტიპის ცხოვრებაზე გადასვლისკენ მიგვანიშნებს, თუმცა ეს შობადობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
„სტატისტიკის მონაცემებს თუ გადავხედავთ, მათ დინამიკას დავაკვირდებით, ქორწინების საშუალო ასაკი წლებთან ერთად იზრდება. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქორწინების ტიპით საქართველო ევროპულ ცივილიზაციას ჰგავს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქორწინების საშუალო ასაკი საკმაოდ მაღალია. ზოგადად ევროპის დემოგრაფიული განვითარება 20-25 წლით გვასწრებს, ევროპაში რაც 25 წლის წინ იყო, ჩვენთან ახლა მეორდება“,- აცხადებს სახვაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა, ეკონომიკური მდგომარეობაა. „ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი დაქორწინებისგან თავს მხოლოდ იმის გამო იკავებს, რომ შესაბამისი შემოსავალი არ აქვს. ელოდება ფინანსურად გამოსწორებას და ასე დრო იწელება. მეორე მიზეზი, რის გამოც ქორწინების ასაკი იზრდება, კარიერული წინსვლის სურვილია. ყველას ქალსაც და კაცსაც სოციალური სტატუსის გაუმჯობესება სურს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ოჯახზე უარს ამბობენ“,- განაცხადა ანზორ სახვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები