აგულაშვილი: საკითხი ასე დგას – შევცვლი ან ჩემს მინისტრობას აზრი არ ექნება
გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არაა, თუმცა აცხადებს, რომ „ისე უნდა ჩავერიოთ ბუნებაში, რომ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან“.ამის შესახებ აგულაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ცხადია, ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ როგორ? ისე უნდა ჩავერიოთ ბუნებაში, რომ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან. ამჟამად ახალ კანონზე ვმუშაობთ, ეს არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა, შემოვიღოთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სტანდარტები. როდესაც ჰუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოვიდა, სამინისტრომ 111 შენიშვნით დააბრუნა უკან. არ მოსულა შესწორებული ვარიანტი, ამიტომაც ვერ გეტყვით წინასწარ, რას ვიზამთ. თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვლება, არც ტყე იქნება და არც თევზი. მე შემიძლია გითხრათ, რომ შევცვლი ამ დამოკიდებულებას. ჩემთვის საკითხი ასე დგას: შევცვლი, ან ჩემს მინისტრობას აზრი არ ექნება… ჩვენ ვიცით, რა უნდა მოვითხოვოთ და თუ პარლამენტი, ხელისუფლება და საზოგადოება გვეტყვიან „არას“, გამოდის, მათ არ სჭირდებათ ასეთი სახელმწიფო და ასეთი სამინისტრო. გაგვიგებთ? ძალიან კარგი. ვერ გაგვიგებთ? თქვენს თავს დააბრალეთ“,- განაცხადა მინისტრმა.