სოსო ჯაჭვლიანი: ამერიკელები რომც მოკვდნენ, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას ვერ დააკანონებენ
საქართველო შემწყნარებელი ქვეყანაა, მაგრამ აქ ერთსქესიანთა ქორწინება არასდროს დაკანონდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
,,მაგათ, ულტრალიბერალები ჰქვიათ თუ რაღაც, უნდათ, რომ თავიანთი გაიტანონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავატანინოთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. ქართველ კაცს არ ესწავლება სხვისი უფლებების დაცვა, ჩვენზე მიმტევებელი და ტოლერანტი ერი კიდევ არის სადმე?“,- განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას ვერავინ ვერ დააკანონებს.
“მე ჩემი პოზიცია მაქვს და დავაფიქსირე კიდეც – ამერიკელებს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ერთსქესიანთა ქორწინება. ამას კი, რომც მოკვდნენ, საქართველოში ვერ დააკანონებენ. ეს უკვე ის ხაზია, რომელსაც ვერც ერთი პატრიოტი, ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი ვერ გადააბიჯებს“,- აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა.
დეპუტატი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
,,არ ვიცი, ვინ სად არის და რას ფიქრობს. როცა საქვეყნო საქმე წყდება, ნუ არიან ჩუმად, ამ ერთსქესიანთა ქორწინების შეხახებ თავიანთი აზრი დააფიქსირონ. რაც შეეხება ხალხის გამოყვანას, ეს უკვე ის თემაა, რომ სახლში არავინ დაჯდება. ჩვენს ქეყანას აქვს ადათ-წესები, რომელთაც ცოცხალი თავით არ დათმობს ხალხი. რას ლაპარაკობ, კაცო, კაცის კაცზე დაქორწინებას დაუშვებს ხალხი საქართველოში? ამერიკა ამ რაღაცებს საქართველოს თავს ვერ მოახვევს“,- განაცხადა ჯაჭვლიანმა.