„ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მნიშვნელოვანი, ძვირფასი, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა“
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
საქართველოში ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.
მიღებაზე თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. რიჩარდ ნორლანდმა სტუმრებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამტკიცების საქმეში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივია, რომ ჩემთან გამოსამშვიდობებლად ამდენი ადამიანი მოვიდა. ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ მალე საქართველოდან გავემგზავრები. ვიცი, რომ საქართველოში კიდევ ბევრი რამ რჩება მოსაგვარებელი, როგორიცაა უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში და სხვა საკითხები. მე აქ არ ვიქნები, თუმცა, ყურადღებით მივადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს. საქართველოში 1993 წელს, როგორც ახალგაზრდა დიპლომატი, 6 თვით ვიმყოფებოდი და ამ პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ჩამოყალიბებაზე. საქართველოში დედასთან ერთად ჩამოვედი, რომელიც აქ გარდაიცვალა. ძალიან მიჭირს საქართველოდან გამგზავრებაზე ფიქრი, რადგან გვახსენდება ის სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა რომელიც აქ ყოფნის პერიოდში ქართველი ხალხისგან ვიგრძენით“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მსგავსი დემოკრატია მალე საქართველოშიც იქნება.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეებისათვის, მაგრამ, ვფიქრობ, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 ივლისი დემოკრატიის დაბადების დღეც არის. ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მნიშვნელოვანი, ძვირფასი, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა და ბუნებრივია, გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ელჩს, რომელიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს საქართველოში. ვისურვოთ, რომ ჩვენც 200 წელი არ დაგვჭირვებოდეს და უფრო სწრაფად გაგვევლოს ეს გზა, რაც ამ ქვეყანამ გაიარა დღემდე მოსვლისთვის”, – აღნიშნა ხიდაშელმა.