რა საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა – ერთობლივი განცხადებები  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის   მიერ გამართული შეხვედრის შემდგომ გაკეთებული ერთობლივი  განცხადებების   შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გულღია, ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროში შედგა სახელმწიფო მეთაურთა მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის აქტივიზაციის გზები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო პრობლემატიკის აქტუალურ საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებისა და განმტკიცების თაობაზე ორმხრივი ურთიერთქმედების ყველა სფეროში.

“პრეზიდენტებმა განიხილეს ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობა და მაღალი შეფასება მისცეს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს, რომ უმაღლეს დონეზე მიღწეულმა შეთანხმებებმა შექმნეს მყარი საფუძველი ორმხრივი ურთიერთქმედების ნაყოფიერი განვითარებისათვის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ამჟამინდელი ვიზიტი და თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი, შარშან, დეკემბერში, ადასტურებს სახელმწიფოთა საერთო მისწრაფებას განამტკიცონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რაც პასუხობს ორი მოძმე ხალხის ინტერესებს.

სახელმწიფოთა მეთაურებმა გამოხატეს კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებებით და გამოთქვეს რწმენა, რომ მოლაპარაკებები ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ხელს შეუწყობს მათ თვისებრივად ახალ დონეზე გადასვლას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, დაადასტურეს, რომ მათი შემდგომი გაღრმავება შეესაბამება საქართველოსა და თურქმენეთის ინტერესებს.

სახელმწიფო მეთაურებმა ხაზი გაუსვეს პოზიციათა სიახლოვეს საერთაშორისო თემატიკის საკითხებზე, ერთგულებას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმებისადმი, და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას, საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის კონტექსტში, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ მასშტაბში.

საქართველო და თურქმენეთი ადასტურებენ მზადყოფნას, გააღრმავონ მჭიდრო თანამშრომლობა და მოახდინონ ძალისხმევის კოორდინირება გაეროს საქმიანობის ფარგლებში, სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში, მოახდინონ ყურადღების აქცენტირება გაეროს გაძლიერების აუცილებლობაზე, როგორც ამ უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტური რეალიზების ინსტრუმენტისა, რომელიც მიმართულია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისაკენ. გაეროს ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მხარეები ადასტურებენ გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც ძირითადი ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე რეფორმირების აუცილებლობას.

საქართველომ კვლავ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა თურქმენეთის ინიციატივების მიმართ ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნების როლის შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დაინტერესებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით, გაეროს ფარგლებში. თავის მხრივ, თურქმენეთმა გამოხატა მზადყოფნა, ითანამშრომლოს საქართველოს მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე გაეროს ფარგლებში.

მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევის კოორდინირების თაობაზე ორმხრივ და საერთაშორისო დონეებზე, საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მიმოქცევასთან, ადამიანების ვაჭრობასთან და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლაში და გამოდიან მათ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობის მხარდასაჭერად. მხარეები მნიშვნელოვნად თვლიან გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამივე განზომილების ფარგლებში. ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეები  აფიქსირებენ ჰელსინკის ფინალური აქტის პრინციპებისადმი ერთგულებას და მისი შესრულების მნიშვნელობას ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში.

მხარეები ადასტურებენ ერთგულებას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესრულებისადმი, მათ შორის სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში არ ჩარევის და ასევე დავების მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპების მიმართ.

მხარეები განაგრძობენ პოლიტიკურ დიალოგს, განავითარებენ პარლამენტთა შორისი და დარგთაშორისი ურთიერთქმედების მექანიზმებს, ხელს შეუწყობენ ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განვრცობას და შეუქმნიან ხელსაყრელ პირობებს  საქმიანი, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და ორი სახელმწიფოს სხვა წრეებს შორის კონტაქტებისთვის.

მხარეები მხარს უჭერენ რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას, როგორც ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან შემადგენელს, აღნიშნავენ დელეგაციების ვიზიტების აქტივიზაციის, რეგიონების დონეზე ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამების რეალიზაციის, რეგიონალურ გამოფენა-გაყიდვებში და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობას.

მხარეები განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, ისევე როგორც ორი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყებების პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატს, როგორც ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან მაკოორდინირებელ მექანიზმს და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების ეფექტურ საშუალებას.

მხარეებმა დაადასტურეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების  და  ვაჭრობის მოცულობის ზრდის ხელშეწყობისათვის პრაქტიკული ზომების მიღების მნიშვნელობა. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოვების მიზნით, მხარეებმა მოუწოდეს ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს მაქსიმალურად გამოიყენონ ის ხელსაყრელი პირობები, რომელიც უკვე არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების  დონეზე, შესაბამისი სახელშეკრულებო-სამართლებრივ ბაზაზე.

მხარეებმა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებით დაინტერესება გამოხატეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საფეიქრო მრეწველობა.

სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის, მხარებმა განიხილეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ საქართველო და თურქმენეთი, თურქმენბაშის, ბათუმისა და ფოთის პორტების შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებით კონკურენტუნარიანობის ამაღლების პერსპექტივები.

პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს თურქმენეთის გაწონასწორებული პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მსოფლიო ბაზრებზე მისი ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციის გზებისკენ. პრეზიდენტებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი კასპიის ზღვის ბასეინიდან ევროპის მიმართულებით ენერგომატარებლების მიწოდების მნიშვნელობას. მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის მნიშვნელობას და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფისათვის ყველა პირობის შექმნას. ამასთანავე, მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მიიღონ აქტიური მონაწილეობა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მშვიდობიანი აღდგენის პროცესში. მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი დაინტერესება და მხარდაჭერა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მიერ ინიცირებული შეთანხმების მომზადების მიმართ, ტრანზიტის, ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოს და თურქეთს შორის. აღნიშნულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცევა მსხვილი რეგიონალური და რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ერთობლივი განხორციელება. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში იქცევა მძლავრ იმპულსად პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური და რეგიონთაშორისი ურთიერთობების განვითარებაში, ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და განმტკიცებას. მხარეებმა განაცხადეს საკუთარი მისწრაფების შესახებ ყოველმხრივ შეუწყონ ხელი მიღწეული შეთანხმებების ეფექტური რეალიზების უზრუნველყოფას საქართველოსა და თურქმენეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საფუძველზე.

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ქართველ ხალხს თურქმენეთის დელეგაციის გულთბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისათვის. თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა დაპატიჟა საქართველოს პრეზიდენტი მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში – „ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის“, რომელიც დაგეგმილია 2015 წლის 12 დეკემბრისთვის, ქ. აშხაბადში. მოწვევა მადლიერებით იყო მიღებული“-აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები