თამარ ბერუჩაშვილი ევროკავავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ევროკავავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და მასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე. აღინიშნა ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა.
„მნიშვნელოვანია ჩვენ ბიზნეს პარტნიორებს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში , გავაცნოთ ყველა ის ახალი შესაძლებლობა, რასაც მოგვცემს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ეს არის ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების ახალი პერსპექტივები. მათ შორის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ჩვენი საელჩოები საზღვარგარეთ რეგულარულად მართავენ შეხვედრებს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნეს-ფორუმებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, – განაცხდა თამარ ბერუჩაშვილმა.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს აპრილში, ბრიუსელში ქართველ ბიზნესმენთა მოსალოდნელი ვიზიტის საკითხი. ქართული კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„ბრიუსელში ჩვენ ჩაგვყავს დაახლოებით 10 ბიზნესკომპანია. გაიმართება პოლიტიკური შეხვედრები ევროკავშირის მაღალი რანგის პირებთან, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ეს წელი ქართული ბიზნეს კომპანიებისთვის და იმ მიმართულებებისთვის, რასაც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობა ჰქვია , მართლაც უმნიშვნელოვანესია. ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი სამუშაო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვექნება, რადგან ვხდებით იმ ევროპული განზომილების ნაწილი, რასაც თავისუფალი სავაჭრო სივრცე ჰქვია“, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები