დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში გაემგზავრა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან – თემურ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კვიპროსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტი 11-12 მარტს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში შედგება და მას კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უმასპინძლებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპოულოსისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოანის კასოულიდესთან. მინისტრები დაათვალიერებენ სამშენებლო ობიექტებს და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნობიან. 12 მარტს დავით ნარმანია შეხვედრას გამართავს მის უწმინდესობა ნოვა იუსტინიანასა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოს ქრისოსტომოს II-სთან. ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას შეეხება. „ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხებში. გავეცნობით თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიდგომებს, რაც გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში. გარდა ამისა, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კვიპროსის მხარე იღებს ვალდებულებას, ევროპული წესებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციის საკითხებში დაეხმაროს საქართველოს“, – განაცხადა გამგზავრების წინ დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები