ბულგარეთის პრეზიდენტი: მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიაღწია
საქართველო აგრძელებს რეფორმირების პროცესს და ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიაღწია,– განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.
ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–ევროკავშირისა და საქართველო–ნატოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესებზე.
როსენ პლევნელიევის განმარტებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. აღინიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 18%-ით გაიზარდა. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მთავარ თემებს. გამოითქვა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარული კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით.
ბულგარეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში ”საქართველოს ევროპული გზა” მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.