ნიკოლოზ მჟავანაძე: „კაბელების საქმეში“ ირაკლი ალასანიას სამსახურებრივი გულგრილობა იკვეთება
„ირაკლი ალასანიას პოლიტიკური თამაშები მიზნად ისახავს, „კაბელების საქმე“ პოლიტიკურ და სხვა განზომილებაში გადაიყვანოს. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კაბელების საქმეში ირაკლი ალასანიას სამსახურებრივი გულგრილობა იკვეთება“,- აღნიშნული განცხადება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დღეს უკვე ნათელია, რატომ გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განცხადება სასამართლოში კაბელების საქმესთან დაკავშირებით გარიგებაზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შემდომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების მცირე ნაწილის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, – განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უფლებადამცველმა „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საქალაქო სასამართლო უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, სასამართლოების ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მოსამართლეს ბრალდების შესახებ დადგენილებები დაუშვებელ მტკიცებულებებად ეცნოს.
,,იმდენად უსაფუძვლო იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აშკარა იყო, სააპელაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის მიღებულ განჩინებას გააუქმებდა. საერთო სასამართლოების ისტორიაში არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ მოსამართლეს ბრალდების შესახებ დადგენილებები დაუშვებელ მტკიცებულებებად ეცნოს, რომ არაფერი ვთქვათ, საინჟინრო სასაქონლო ექსპერტიზის, ექსპერტის დაკითხვისა და სხვა ბრალდების მტკიცებულებების სიიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით.
იმდენად ნათელი იყო, რომ გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გააუქმებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ირაკლი ალასანიამ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თითქოს რაღაც გარიგება მოხდა სასამართლო სიტემაში იმ პირობით, რომ კაბელების საქმეზე პროკურატურისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ძველი მოსამართლეები დარჩებოდნენ სასამართლო სისტემაში. მართლაც, სააპელაციო საამართლომ ქვემდგომი ინსტაციის სასამართლოს განჩინება გაუქმა. ალასანიას წინამორბედი ასევე უკანასკნელი განცხადება კი არ დადასტურდა“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მჟავანაძის განცხადებით, „კაბელების საქმეზე“ 5 მაღალჩინოსნის დაკავებას და მისი უწყებიდან წამოსვლას ირაკლი ალასანიამ დაუკავშირა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების, საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების ხელშეკრულების ჩაგდების და მინისტრების უწყებებიდან წამოსვლის თემაც.
„არც პოლიტიკური კურსი შეუცვლია ქვეყანას, რასაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ადასტურებენ. არც საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების ხელშეკრულება ჩაუგდია ხელისუფლებას, რომელიც გუშინ გაფორმდა ახალი მინისტრის მიერ. არც მინისტრებს დაუტოვებიათ თანამდებობები, გარდა ალასანიას გუნდის წევრებისა. არც სასამართლო სისტემაში არსებული გარიგებები დადასტურებულა „კაბელების საქმესთან“ მიმართებაში. ხოლო ის განცხადებები, რომელსაც ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ აკეთებდა უწყებაში კვებასთან და სასადილოებში ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებით, ალასანიას მეგობარმა ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმაც აღიარა, რომ ამ მხრივ პრობლემები დახვდა“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.