ოპოზიციის წარმომადგენლები მერიას საატესტაციო გამოცდების მეორე ეტაპის გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მერიას საატესტაციო გამოცდების მეორე ეტაპის გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ და მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ვიდეოგადაღების უფლებას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს და, ამასთან, საზოგადოებას საატესტაციო კონკურსში დროულად დარეგისტრირებისაკენ მოუწოდა.
როგორც აბესაძემ განაცხადა, დავით ნარმანია მერიაში კონკურსის მეორე ეტაპზე არაკვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ეცდება.
“დავით ნარმანიამ კონკურსის პირველად ეტაპზე ყველაფერი გააკეთა, რომ არაკომპეტენტური ადამიანები, ნათესაური კავშირით შერჩეული პირების დასაქმება მერიაში შეენარჩუნებინა. მისივე თქმით, ასეთი აღმოჩნდა 470 ადამიანი, რომლებმაც ტესტირების პირველი ეტაპი ვერ გაიარეს, თუმცა თანამდებობები შეინარჩუნეს. ეს ფაქტი, საბოლოო ჯამში, ძალიან მძიმედ აისახება დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე”, – აღნიშნა აბესაძემ.
საკითხთან დაკავშირებით, თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამაც და მერიას, საკრებულოს მაღალჩინოსნებს, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მალხაზ მჭედლიშვილს მოუწოდა ხელი შეუწყოს თბილისის მერიაში მიმდინარე საკონკურსო პროცესს.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ჩართული იქნებიან თბილისის მერიაში მიმდინარე საატესტაციო პროცესში, თვალყურს მიადევნებენ თითოეულ დარღვევებს და მათზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განცხადებების გადარჩევა კონკურსანტებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. განცხადების წარდგენა კონკურსანტებს 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას. ტესტირების ეტაპზე აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა კონკურსანტის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ით, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხის ოდენობით განისაზღვრა. მესამე ეტაპზე მოხდება მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა მიერ ინდივიდუალურ საშუალო არითმეტიკულ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით – ჯამში არანაკლებ 3 ქულით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები