უსუფაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტის რეგლამენტიდან „ოჯახური მდგომარეობის გამო“ საპატიო გაცდენების ამოღებას სთხოვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტის რეგლამენტიდან “ოჯახური მდგომარეობის გამო” საპატიო გაცდენების ამოღებას სთხოვს. აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და იმ დეპუტატთა ვინაობა დაასახელა, რომლებსაც ყველა ხშირად გაცდენა აღნიშნული მიზეზის გამო აქვთ.
“პარლამენტის წევრების სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით მივმართე შესაბამის სამსახურს და მაქვს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი სხდომაა საპატიო მიზეზებით გაცდენილი. რეგლამენტით გათვლილია, რომ ოჯახური მდგომარეობით სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზად ითვლება. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრები სხვა ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მე ამოვწერე 10 ხშირად გამცდენი დეპუტატის სახელი და გვარი, ვისაც გაცდენილი აქვს 60-ზე მეტი სხდომა”,-განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი ინფორმაციით, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს 66 სხდომა აქვს გაცდენილი, დავით ბეჟუაშვილს -74, გოდერძი ბუკია კი 91 სხდომას არ ესწრებოდა, გიორგი ლიპარტელიანი 93 სხდომას, რამაზ ნიკოლაიშვლი – 94 სხდომას, აზერ სულეიმანოვს 96 გაცდენა აქვს, თუმცა ყველაზე მეტი კობა ნაყოფიას აქვს გაცდენილი, 101 გაცდენა აქვს.
“ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა. თუ მათ რამე პრობლემა აქვთ ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის ისიც, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ “ოჯახური მდგომარეობის გამო”, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, ამოღებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტიდან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.