გიორგი აბაშიშვილი: ეკონომიკური კრიზისის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღმოგვიჩინა

„ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი, როგორიც იყო 2008-2009 წლებში ორმაგი ეკონომიკური კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღმოგვიჩინა”,- ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საერთაშორისო სავალუტო ფონდი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა და ფონდთან ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

” ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი, როგორიც იყო 2008-2009 წლებში ორმაგი ეკონომიკური კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღმოგვიჩინა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით გასაფრთხილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა. მნიშნელოვანია, რომ ფონდის აზრი ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ფონდის კომპეტენციის არეალში იმყოფება, მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე შემცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სასიამოვნო ფაქტი არ არის.

“არ არის სასიამოვნო ფაქტი, როდესაც 5-პროცენტიანი პროგნოზი რამდენიმე დღეში 2-პროცენტიანი პროგნოზით იცვლება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არის ეკონომიკური ზრდის შენელება და მათ შორის იმ ობიექტური რელობის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა საგარეო ფაქტორებით გამოწვეულ სავალუტო კრიზისს, რაც თავისთავად ცხადია, შემდგომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე აისახა ეკონომიკური ზრდის შენელებაში”, – დასძინა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები