„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მე-10 ყრილობას დაესწრება

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაცია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც 12-13 ივნისს, მონაწილეობას მიიღებს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (Party of European Socialists – PES) რიგით მე-10 ყრილობაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და იდეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი.
ყრილობაში, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპის სოციალისტური ოჯახისთვის, მონაწილეობას მიიღებენ ევროპის წამყვანი სოციალ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ევროპარლამენტისა და ნაციონალური საკანონმდებლო ორგანოების წევრები, ევროპარლამენტის თავმდჯომარე და ევროკომისიის სოციალ-დემოკრატი წევრები. ყრილობის ფარგლებში გამიზნულია მომდევნო პოლიტიკური ეტაპისთვის ერთიანი პოლიტიკური პროგრამის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. გაიმართება დებატები და დისკუსიები ისეთ თემებზე როგორიცაა, დემოკრატიული გარდაქმნები, რეგიონალური მშვიდობა, დასაქმება და სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევები.
ყრილობის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ დებატში თემაზე – „ძლიერი გლობალური პროგრესული დღის წესრიგი“ მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელი მანანა კობახიძე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ქართული ოცნების“ დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან.
ცნობისთვის: „ევროპის სოციალისტური პარტია“ დაარსდა 1953 წელს, როგორც პოლიტიკური ჯგუფი. 1973 წელს გარდაიქმნა პარტიათა კონფედერაციად, ხოლო 1992 წელს ჩამოყალიბდა ერთიან პოლიტიკურ პარტიად, რომელიც დღესდღეობით აერთიანებს ნაციონალურ დონეზე მოქმედ „სოციალისტურ“, „სოციალ-დემოკრატიულ“ და „ლეიბორისტულ“ პარტიებს. მასში გაერთიანებულია 53 სრულუფლებიანი, ასოცირებული და დამკვირვებელი წევრი ორგანიზაცია.
„ევროპის სოციალისტური პარტია“ ევროპის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ევროპარლამენტში წარმოდგენილია 195 დეპუტატით და წარმოადგენს სიდიდით მეორე პოლიტიკურ ფრაქციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები