თინა ხიდაშელი: მე რომ მკითხოთ, საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მაპ-ი არის ის აუცილებელი საფეხური, რომელიც საქართველომ ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა გაიაროს.

როგორც მინისტრმა “მაესტროს 9-იანში” აღნიშნა, ბუქარესტის დეკლარაციაში ცალსახად წერია, რომ საქართველომ უნდა გაიაროს საფეხური, რომელსაც “მაპ”-ი ჰქვია.

“მე რომ მკითხოთ, საქართველო იმსახურებს წევრობას, მაგრამ ჩვენ ბუქარესტის დეკლარაციაში ცალსახად გვიწერია, რომ უნდა გავიაროთ საფეხური, რომელსაც მაპ-ი ჰქვია. ეს არის პირობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ამიტომაც, ბუნებრივია, დღეს ვსაუბრობთ მაპ-ზე, როგორც აუცილებელ და სავალდებულო პირობაზე. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, მე როცა ვამბობ, რომ ეს არის მოლოდინებისა და იმედების სამიტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას ვგულისხმობ, მაგრამ არა მხოლოდ – იმდენი გამოწვევის წინაშე დადგა წინა სამიტი და ვარშავამდე მსოფლიო, რომ ვფიქრობ, ვარშავის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანი იქნება. ბევრი ისეთი საკითხია ვარშავის დღის წესრიგში, რომელიც ყველაზე მაღალი საფრთხეების მატარებელია დღევანდელი მსოფლიოსთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მონტერეგროს თემა, რომელსაც მაღალი ალბათობით, ალბათ, უკვე წევრობის მოწვევას გაუგზავნიან. ეს არის კარგი გზა, კარგი გზავნილი, კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება რამდენიმე წელიწადში დაასრულო პროცესი, თუ საშინაო დავალებას სწორად ასრულებ და სწორად მოქმედებ. ამიტომ სწორედ ამ გზის დასაწყისს ველოდები ვარშავაში, რომელიც წინა სამიტიდან ვარშავამდე გაიარა მონტენეგრომ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები