თინა ხიდაშელი: მე არ ვაპირებ კამერებით ვიარო შეხვედრებზე
ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს უზრუნველყოფილი იყო ის, რომ “რუსთავი 2” იქ ყოფილიყო – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრი არ აპირებს კამერებით იაროს შეხვედრაზე, რადგან მისი მთავარი ამოცანაა შეხვედრის საქმიანობის შენარჩუნება.
“ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს უზრუნველყოფილი იყო ის, რომ “რუსთავი 2″ იქ ყოფილიყო და ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომ გაიგო საზოგადოებამ მხოლოდ ამ შეხვედრის შესახებ. ამ შეხვედრის გარდა მე სხვა შეხვედრებიც მქონდა, მათ შორის მინდია ჯანელიძესთან და მას ახლაც მუდმივად ვხვდები, რადგან ის იმ საბჭოს ხელმძღვანელია, რომელთანაც თავდაცვის სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია. მე არ ვაპირებ კამერებით ვიარო შეხვედრებზე, რადგან ჩემი ამოცანაა შეხვედრის საქმიანობის შენარჩუნება და არა პომპეზურობა. თუ, საჭიროა შემიძლია კამერებითაც ვიარო, მაგრამ, არამგონია, ამას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს”, – აღნიშნა ხიდაშელმა “მაესტროს 9-იანში”.