პარლამენტმა პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განიხილა
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აფხაზურ და ოსურენოვანი აბიტურინტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისათვის რეალური შესაძლებლობის მიცემისა და ხელის შეწყობის მიზნით, დადგენილი რეგულაციების ამოქმედების ვადა ერთი წლით გადაიწევს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციტივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პირველი მოსმენით განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილება აფხაზურენოვან აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტისა და აფხაზური ენის ტესტის ჩაბარების საფუძველზე გააგრძელონ, ხოლო ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის ალტერნატიული მოდელი შემუშავდება, რათა მათ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე შეძლონ. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება აუცილებელია, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2015-2016 სასწავლო წლიდან, საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტმა, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარები აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ოსურ ენებზე უნდა ჩააბაროს, რაც დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სხვადასხვა საგნობრივ კომპეტენციას და საგნის ლექსიკას მოსწავლეები რუსულად ეუფლებიან და აფხაზურ და ოსურ ენაზე საგნების სწავლება მხოლოდ დაწყებით საფეხურზე ხდება, შეუძლებელია.
კომიტეტის წევრებმა რეგულაციების ამოქმედების ვადის ერთი წლით გადაწევას მხარი დაუჭირეს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს, „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)” სასესხო ხელშეკრულება განსახილველად ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრო ლოლაძემ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში, ბანკი საქართველოს 25 წლით, 60 მლნ. აშშ. დოლარს გამოუყოფს, სადაც 14 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი-ცვალებადი და დამოკიდებულია LIBOR-ზე. „პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების“ ფარგლებში ერთიან საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში აღირიცხება მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლები და ხარჯები. ასევე, ფორმირებულია სახელმწიფო საწარმოთა რეესტრი, შემუშავებულია საჯარო სამსახურის რეფორმების ახალი კონცეფცია, შემუშავდა მიზნობრივი სოციალური დახმარების განახლებული მეთოდოლოგია და ა.შ.“- აღნიშნა ანდრო ლოლაძემ.
ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის 22 მაისს მოეწერა. აღნიშნული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.