პრემიერი “ბაქო 2015 – პირველი ევროპული თამაშების” ოფიციალურ გახსნას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქში “ბაქო 2015 – პირველი ევროპული თამაშების” გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ “ბაქო 2015 – პირველი ევროპული თამაშების” გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრება. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ოლიმპიურ სოფელს და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს შეხვდება.
ოლიმპიადაში სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანიშვილი შედიან, აზერბაიჯანის დედაქალაქს 11 ივნისს ეწვევა.