თინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ მსგავსი ტიპის შეხვედრას
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მოსამართლეებსა და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შორის რაიმე სახის გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა აქვე დასძენს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
“ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია. ჩემთვის ბატონი მუსერიძის განცხადება თავისთავად არგუმენტი არ არის, გამომდინარე იმ წარსულიდან, რომლითაც ის საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოირჩეოდა, განსაკუთრებით სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ზუსტად ამიტომაც შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ მსგავსი ტიპის შეხვედრას”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრმა ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
„დამთავრდა ის ამბავი, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლოს საქმეში ერეოდნენ”, – დასძინა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს შორის რამდენიმე დღის წინ საიდუმლო შეხვედრა შედგა. საუბარი კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შეჩერებასა და ე.წ კაბელების საქმეს ეხებოდა. ამის შესახებ კი შესახებ ინფორმაცია მედიასთან “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებსა და ივანიშვილს შორის ე.წ კაბელების საქმეზე გარიგება შედგა. გუშინ კი „კურიერის“ პირდაპირ ეთერში უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ალასანიას მიერ დადასტურებული ინფორმაცია სასამართლოზე ზეწოლად შეაფასა.