“რუსეთს ევროსაბჭოს წევრობის სტატუსი უნდა შეუჩერდეს“

  უკრაინის საკითხზე დღეს და ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმსჯელებენ. პოლიტიკური კომიტეტის სხდომები სპეციალურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩაინიშნა. საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელიც მიიღებს. პარლამენტარები ერთობლივ პოზიციებს შეიმუშავებენ, რომელთაც აპრილის დასაწყისში ჩანიშნულ სასესიო კვირაში წარადგენენ. თინა ხიდაშელის აზრით, რუსეთს ევროსაბჭოს წევრობის სტატუსი უნდა შეუჩერდეს. მისი თქმით, აუცილებელია ევროსაბჭომ, 2008 წელთან შედარებით, უფრო მკვეთრი პოზიცია დააფიქსიროს და რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვოს.
“რუსეთი ევროსაბჭოს წევრია განსხვავებით ნატოსა და ევროკავშირისგან, ასე რომ, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მკაცრი ამ შემთხვევაში ევროსაბჭო უნდა იყოს. მე პირადად ორი კვირის წინ გავუგზავნე ჩემი პოზიცია და მოთხოვნა რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერების თაობაზე და ევროსაბჭოს ფარგლებში სანქციების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხიც განიხილება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები