"სტადიონზე რაც მოხდა, გულშემატკივრების ბრალი არ არის”
“ტორპედოს” სტადიონზე დაპირისპირება გამოიწვიეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ფეხბურთი არ აინტერესებთ და მატჩის ჩაშლას ცდილობენ, – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია.
“სტადიონზე რაც მოხდა, გულშემატკივრების ბრალი არ არის, დაპირისპირება იმ ადამიანების მიერ მოხდა, რომლებსაც ფეხბურთი არ აინტერესებთ და სულ ცდილობენ მატჩის ჩაშლას. იმედია, სამართალდამცველები დროულად გამოიძიებენ მომხდარ ფაქტს”, – აღნიშნა მურღულიამ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ჩაშლილად გამოცხადდა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჩხუბით დამთავრდა. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისის გუნდი ქუთაისის ნაკრებს ანგარიშით 2:0 უგებდა. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი მოედანზე ჩავიდნენ და დინამოს ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ თამაში ჩაშლილად გამოცხადდა.