ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელფასების მატება იგეგმება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება ხელფასების მატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიზებულ და კარგად დაადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. ასევე, წლის ბოლოდან ახალი შენობის აგება იგეგმება, რაც, პრემიერის თქმით, ცენტრის მიმართ მთავრობის გაზრდილ ინტერესს გულისხმობს.

“ხელნაწერთა ინსტიტუტთან დაკავშირებით გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა და ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული. იქ არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო პოლიტიზებული და კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა ყველაფერი. თუმცა, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ისე როგორც არასდროს, ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი გაათმაგებულია. თუ რას ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ განმვმარტავ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ტელევიზიებმა არ გააშუქეს და მოსახლეობას არ განუმარტეს. უკვე თვის ბოლომდე დასრულდება იქ არსებული სიტუაციის შესწავლა.

უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის ფონდებში არსებულ მდგომარეობას. ხელნაწერთა ცენტრი არის უმნიშვნელოვანესი, არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების საკურატორო, ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი საგანძური”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელს, ზაზა აბაშიძეს, პრემიერმა მას ღირსეული პიროვნება უწოდა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს და ცენტრის თანამშროლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები