საპარლამენტო უმრავლესობაში კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხს აფასებენ
პარლამენტის 2 კომიტეტის ახალი თავმჯდომარების დანიშვნის საკითხს უმრავლესობის წევრი დეპუტატები აფასებენ. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მას ლობირება მისი ძმის კანდიდატურისთვის არ გაუწევია, თუმცა ფიქრობს, რომ უმრავლესობამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო.
„მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, არ ვყოფილვარ ჩემი ძმის ლობისტი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი შეთანხმება მივიღეთ. ეს საკითხები ძალიან მალე გამოჩნდება არა მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებით, არამედ მათი პირველი მოადგილეებით და ერთგვარი ცვლილებები იქნება შემადგენლობაში“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განმარტა, ლევან ბერძენიშვილის დანიშვნა კოალიციური მოსაზრება იყო.
„შევთანხმდით, გვაქვს კოალიციური მოსააზრება, რომ ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყოს ბატონი ლევან ბერძენიშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული. კომიტეტების სხვა თანამდებობებზე პირველი მოადგილეების საკითხებზე კონსულტაციები კვლავ გრძელდება“, – განაცხადა გია ვოლსკმა.
კოალიციური მოსაზრებების მიუხედავად გუნდში გარკვეულ კომპრომისებზეც საუბრობენ.
„ეს იყო პოლიტიკური პროცესი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ღიათ ვამბობთ და არაფერი დასამალი აქ არ არის. ჩვენ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას ვასახელებდით და ვფიქრობდით, რომ ის უნდა ყოფილიყო კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ ეს არის კოალიციური ფორმატი, როდესაც გარკვეული კომპრომისების მიღწევა ხდება აუცილებელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა. აღნიშნული პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.