ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტების მოსაზიდად საერთაშორისო კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ფორმით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და მრავალმილიონიანი აუდიტორიისათვის შეთავაზებაზე აქტიურად მუშაობს.

როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩოგოვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რამდენიმე ქვეყნის ყველაზე ცნობილი მედიასაშუალებების მეშვეობით საქართველო აქტიურად შუქდება.

„წელს საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად შუქდება. ეს არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები. მათ შორის სარეკლამო კამპანიები 9 ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო სარეკლამო კამპანიები ისეთი ცნობილი მედისაშუალებებით, როგორიც გახლავთ: „სი-ენ-ენი“ და „ევრონიუსი“.

„ევრონიუსზე“ 21 კვირის განმავლობაში იტრიალებს როგორც საქართველოს საიმიჯო კლიპი, ასევე საქართველოში სპეციალურად ტურისტების მოსაზიდად გადაღებული 4 გადაცემა და კოლაჟური სარეკლამო მინი კლიპები“,- აღნიშნა ჩოგოვაძემ.

გარდა საერთაშორისო კამპანიისა, ტურიზმის ადმინისტრაცია, ტურიზმის წახალისების კუთხით, ქვეყნის შიგნითაც აქტიურად მუშაობს.

„ვმუშაობთ აქტიურად, რომ შიდა ტურიზმი წავახალისოთ და ამისათვის ახალი მარკეტინგული კამპანია – „გაიცანი საქართველო“ წამოვიწყეთ. მინდა ამ პროექტში ჩართულ ყველა ცნობად სახეს მადლობა გადავუხადო. კამპანიის შინაარსი და მთავარი მიზანია, რომ მოქალაქეებმა უფრო მეტად გაიცნონ საქართველო“,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იზრდება ტურისტების მოლოდინიც და მათი შემოდინების რიცხვიც. ჩოგოვაძის განმარტებით, რამდენიმე რეგიონში უკვე ტურისტების მატება შეიმჩნევა. რაც, მისივე ვარაუდით, ბევრად უფრო ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად გაიზრდება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, საქართველოს მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი მის მეზობელ ქვეყნებს აქვთ. მანვე იმ ქვეყნების ხუთეულიც დაასახელა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის.

ჩოგოვაძის თქმით, მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით კი შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე ბევრი სასტუმრო იხსნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას და ფასების დარეგულირებას. მისივე განცხადებით, გარდა 5- ვარსკვლავიანი სასტუმროებისა, ზღვისპირებში 4 და 3- ვარსკვლავიანი სასტუმროებიც იხსნება. იხსნება საოჯახო სასტუმროებიც, რაც საშუალებას მოგვცემს ტურისტებს ყველა საფასო კატეგორია შევთავაზოთ.

„ყველაზე მეტი ტურისტი ზაფხულში ჩამოდის. ჯერჯერობით ზღვის კურორტზე არა, მაგრამ სხვა რეგიონებში ტურისტების ნაკადის შემოსვლა უკვე დაწყებულია. ეს რეგიონებია, მაგალითად, კახეთი, ყაზბეგი, ახალციხე…. სვანეთში, თუშეთსა და ხევსურეთში სეზონი ცოტა უფრო გვიან დაიწყება. რაც შეეხება ზღვის კურორტებს, იქ სეზონი უფრო ივნის- ივლისიდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. წელს და მომავალ წელს, საქართველოს, განსაკუთრებით შავი ზღვისპირა რეგიონში ბევრი სასტუმრო ემატება. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა სასტუმრო „ჰილტონი“, კიდევ 2 სხვადასხვა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება, მნიშვნელოვანია ისიც , რომ, გარდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისა, ზღვისპირეთში 4 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროებიც იხსნება. იხსნება საოჯახო სასტუმროებიც, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტებს ყველა საფასო კატეგორია შევთავაზოთ. ამ პროცესს გაამარტივებს კონკურენცია. რაც მეტი სასტუმრო გაიხსნება, მით უფრო დარეგულირდება ფასები. ზღვის რეგიონები უფრო პოპულარულია ჩვენს მეზობლებში: სომხეთში, აზერბაიჯანში. ზღვის კურორტების მიმართ ასევე ინტერესია პოლონეთის და ისრაელის მხრიდან .

საქართველოში შემომავალი ტურისტების კუთხით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა. ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩვენთან მოგზაურობენ, სხვადასხვანაირი ინტერესი გააჩნიათ, ევროპული ქვეყნებიდან და ისრაელიდან მეტი ინტერესია მთიანი რეგიონების მიმართ. არის რამდენიმე ქვეყანა რომელიც, ძირითადად, ზღვის კურორტებით არის დაინტერესებული: ასეთია, მაგალითად, სომხეთი, აზერბაიჯანი… “- აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები