კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის საჩუქრად გაგზავნას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მეტი არაფერი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფოს მეთაურმა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მესვეურებს გაუგზავნა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ნორმატიული აქტის ძალიან მაღალი ხარისხის გამოცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა.
კოჟორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ კონსტიტუციის საჩუქრად გადაცემას მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მეტი არაფერი. კითხვაზე, ხომ არ გააკეთა ეს პრეზიდენტმა იმის გამო, რომ ხშირად ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება, კოჟორიძის განცხადებით, ამ საჩუქარს ეს დატვირთვა ნამდვილად არ ჰქონია.
“როდესაც რაიმე არასწორი ხდება, მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ნამდვილად არ უჭირს ამის პირდაპირ თქმა. ამ ფორმით ამას არ იტყოდა, შესაბამისად, ამის ერთადერთი დანიშნულება იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლური საჩუქრის გაკეთება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.