ევროინტეგრაციის კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ. კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან მოლაპარაკებების საფუძველზე მიიღეს.
“პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად – მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან და მათთან მოლაპარაკებების შედეგად შემოვდივარ წინადადებით, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ იქნას გელა სამხარაულის კანდიდატურა, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე – ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
აღნიშნული პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები