პავლე კუბლაშვილი: ჩვენ დროს ვერ დავხარჯავთ ენმ-სთან დაპირისპირებაში
ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არ ვაპირებთ ჩვენი დროის ხარჯვას იმაში, რომ რაიმე დაპირისპირება გვქონდეს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა “ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიიდან წამოსვლის მიუხედავად, სამოქმედო პრიორიტეტები არ შეცვლილა და საზოგადოებასთან ისევ ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებზე ისაუბრებენ.
“ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. არ ვაპირებთ ჩვენი დროის ხარჯვას იმაში, რომ რაიმე დაპირისპირება გვქონდეს “ერთიან ნაციონალურ მოძრობასთან. მიგვაჩნია, რომ მოწინააღმდეგე გვყავს იგივე, არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში კვლავაც არის, შესაბამისად, ჩვენი ამოცანები არ შეცვლილა. ჩვენი განცხადებები, რაც უკავშირდებოდა ეკონომიკასა თუ კრიმინალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგშია. ამიტომ ყოველთვის, როდესაც გვექნება საუბარი ჩვენს ტელემაყურებელთან, ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ესაა ჩვენი ამოცანა”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოთხმა წევრმა დატოვა: პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ.