საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას 12 ქვეყანაში საქართველოს საპატიო კონსულები დაესწრნენ, ეს ქვეყნებია: კვიპროსი, დანია, ისლანდია, ინდოეთი, ნიდერლანდები (2საპატიო კონსული), ფილიპინები (2 საპატიო კონსული), პორტუგალია, სლოვაკეთი, სამხრეთ აფრიკა, ამერიკის შეერთებული შტატები.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობითვე, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საპატიო კონსულებს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა. მინისტრმა საპატიო კონსულებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას საქართველოს პოპულარიზაციის, საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენის და ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია საპატიო კონსულების საქმანობის თაობაზე, მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. პორტუგალიაში საქართველოს საპატიო კონსულმა, მანუელ ლუის მარინო დე სილვამ მედიასთან საუბრისას პორტუგალიაში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე და პორტუგალიის მხრიდან საქართველოში ინვესტირების განხორციელების მზარდ სურვილზე ისაუბრა.
„პორტუგალიაში საპატიო საკონსულოს მეშვეობით ბევრი რამ კეთდება საქართველოს პოპულარიზაციისთვის. 2014 წლის დეკემბერში პორტუგალიამ ქართულ ნაციონალურ ბალეტს უმასპინძლა, ასევე ქალაქ სინტრას ნაციონალურ თეატრში გაიმართა აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის კონცერტი. ჩატარდა მრავალი კულტურული ფესტივალი, სადაც საქართველოც მონაწილეობდა. წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდება საქართველოს საპატიო კონსულების ბირთვი. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, პორტუგალია საქართველოში პირველი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ტურიზმის ბიზნესში“, – განაცხადა საქართველოს საპატიო კონსულმა პორტუგალიაში.
საქართველოს საპატიო კონსულმა, ხოსელიტო კარლსონ ასენიერომ ფილიპინებში 26 მაისის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფილიპინებში რიგით მეორე მოძრავი კინოჩვენება გავმართეთ. ფილიპინების მასშტაბით ხუთ ქალაქში ოთხი ქართული ფილმი ვუჩვენეთ. ქართულმა კინემატოგრაფიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ღონისძიება ნაწილია იმ ძალისხმევის, რითიც საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ვემსახურებით“, – განაცხადა ფილიპინებში საქართველოს საპატიო კონსულმა.
ყოველწლიურ შეკრებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან გურგენიძე წარუძღვა. ყოველწლიურ შეხვედრაზე მიმოხილული იქნა საპატიო კონსულების საქმიანობა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მათი თანამშრომლობის საკითხები. საპატიო კონსულებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყნის ეკონიმიკური, საინვესტიციო, სხვადასხვა დარგობრივი, კულტურულ-სოციალურ სფეროში არსებული პროცესების თაობაზე. საპატიო კონსულების ინსტიტუტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია არსებობს.
საქართველოს საპატიო კონსული მსოფლიოს 24 ქვეყანაში ჰყავს. აღნიშნული ინსტიტუტი ხელს უწყებს საქართველოსა და მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნესპროექტების ორგანიზება და ა.შ.