ახვლედიანი ყოფილ „ნაციონალებზე“: მათ დაინახეს, რომ არჩევნებზე, სიაში არავინ ჩასვამს და თავის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი
„ნაციონალური მოძრაობიდან“ 4 დეპუტატის წასვლის საკითხს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ახვლედიანმა დეპუტატების წასვლა მათი პოლიტიკური თვითგადარჩენის ინსტინქტით ახსნა. მისი განცხადებით, მომავალ არჩევნებზე ყოფილი სახელისუფლებო გუნდი დეპუტატთა მხოლოდ 10-15-კაციან გუნდს შეიყვანს პარლამენტში, წასული პირებიდან კი არ სიაში ვერცერთი მოხვდებოდა, შესაბამისად, მათ ამ ფორმით საკუთარ მომავალზე იზრუნეს.
„2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. მამათა და შვილთა კონფლიქტი დაიწყო. შვილებმა პრობლემები და არჩევნებზე წარუმატებლობა „მამებს“ დააბრალეს და მათგან პარტიიდან წასვლა მოითხოვეს. ხაჩიძე, ჯაფარიძე და სხვა ახალგაზრდები მათი პარტიიდან არიან ადამიანები, რომელთაც პირდაპირპროპორციულად 9-წლიან დანაშაულებებში „ღვაწლი არ მიუძღვით“. შესაბამისად, მათ აქვთ ამბიცია, რომ განხორციელებულიყო პარტიის რებრენდინგი. ის ადამიანები, რომლებსაც დიდი დანაშაულებრივი ტვირთი უკავშირდება, წასულიყვნენ პარტიიდან, უზარმაზარი რესურსების და რამდენიმემილიონიანი დაფინანსების მქონე პარტია დაეტოვებინათ მათთვის და ამით გარკვეული იმიჯის გამოსწორებას მოახერხებდნენ.
როგორც ჩანს, უფროსი თაობის ამბიციური მადა ჯერ არ დამცხრალა და თვლიან, რომ მათ მიერ შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა“ მათივე ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამიტომაც საბოლოოდ პარტიის მეორე ეშელონი „გაპანღურდა“ და ბორტს მიღმა აღმოჩნდა. მათ დაინახეს. რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელ სიაში არავინ ჩასვამს და წელიწადნახევრით ადრე თავის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი. ასეთი თავის გადარჩენის წინაშე „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ბევრი დგას, და კიდევ უფრო მეტი დადგება. მომავალ არჩევნებზე „ნაციონალებს“ მხოლოდ 10-15 კაცის შეყვანის საშუალება ექნებათ, შესაბამისად, ეს ტორტი ყველას არ ეყოფა“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ოთხმა წევრმა: ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ.