მიხეილ მაჭავარიანი: მინდა იმედები გაგიცრუოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი გახარებულია იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ რამდენიმე წევრმა დატოვა. განცხადება უმცირესობის წევრმა პარლამენტში გააკეთა.

„მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში გაღიმებული დადის ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიხარული არ უკავშირება იმას, რომ ქვეყანაში რამე წინ წავიდა და ეკონომიკა გაჯანსაღდა. სამწუხაროდ, მათი სიხარული მთავარ ოპოზიციურ ძალას უკავშირდება, მაგრამ მინდა აქაც იმედები გაგიცრუოთ. ეს არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე საუბრობთ“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ურჩევს, ოპოზიციური პარტიიდან წასული წევრების ნაცვლად, ლარის კურსის გაუფასურების ნიშნული დათვალოს.

„უმჯობესია დაითვალოს სადამდე გაუფასურდება ლარი, დაითვალოს სადამდე წავა საქართველოში ექსპორტი, ეკონომიკა და საბიუჯეტო პრობლემები“, – აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.

ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს.

„ნაცმოძრაობის“ აწ უკვე ყოფილმა წევრებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს და პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს. მათი თქმით, დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე არ აპირებენ და ბრძოლას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები