გივი თარგამაძე ყოფილ თანაგუნდელთა განცხადებას გაუგებარს უწოდებს
ყოფილ თანაგუნდელთა მიერ გავრცელებულ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პარტიიდან წასული პირების განცხადებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი დატოვა.
„მათ დასახელებული პრობლემა თუ მართლა პრობლემად მიაჩნდათ, ეს დღეს არ გაჩენილა და გაუგებარია, ის დღეს რატომ დაიწყო და პარტიის წინაშე რატომ არ დაისვა. განცდაა იმისა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ლიდერების განცხადება. თუკი აღმასრულებელ მდივანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, საკითხი პარტიის წინაშე უნდა დამდგარიყო და ეს არ მომხდარა“, – დასძინა თარგამაძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილმა წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს, რომელშიც ნათქვამია, რომ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე არ აპირებენ და ბრძოლას გეგმავენ.