„თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლას ხელოვნურად გააჭიანურებს, მას სერიოზული სტაგნაციის წინაპირობებს შევუქმნით“
30 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციის საკითხს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ახვლედიანმა განმარტა, ეს კონფერენცია საზოგადოების კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას მოახდენს,თემა გახდება უფრო მეტად აქტუალური და შემდეგი ეტაპი უკვე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში პროცესების გააქტიურება იქნება.
ახვლედიანის თქმით, მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, სადაც აღარ იქნება ის რეალობა, რომ ნაკლები ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალა დეპუტატთა ბევრ მანდატს აიღებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის შეცვლის საკითხს ხელოვნურად გააჭიანურებს, ოპოზიცია მას ურთულეს პრობლემებს და სერიოზული სტაგნაციის წინაპირობებს შეუქმნის. „თუ ხელისუფლება პროცესების გაჭიანურებას დაიწყებს, ჩვენ ხელისუფლების მუშაობას ურთულეს პრობლემებს და სერიოზული სტაგნაციის წინაპირობებს შევუქმნით. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ დაჯდეს მაგიდასთან და ვითარება შეიცვალოს. ჯერ კიდევ არის საშუალება, საგაზაფხულო სესიაზე მოესწროს პროცესის დაწყება. იმისათვის, რომ დღეს არსებული უსამართლო მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, აუცილებელია ხელისუფლებამ საზოგადოებისათვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება შეასრულოს. საარჩევნო სისტემის საკითხი საქართველოში ასეთ მაღალ დონეზე ჯერ არ ყოფილა. უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული სისტემა და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, სადაც აღარ იქნება ის რეალობა, რომ ნაკლები ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალა დეპუტატთა ბევრ მანდატს აიღებს. ეს თუ არ მოხდა, მოსახლეობაში არჩევნების მიმართ ნდობა არ იქნება“,- აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.