საპროკურორო საბჭოს არჩევის მიზნით, პროკურატურაში პროკურორთა კონფერენცია შეიქმნება
პროკურატურის სისტემაში, საპროკურორო საბჭოს გარდა, საპროკურორო კონფერენციაც შეიქმნება, რომლის უფლებამოსილება საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების არჩევა იქნება.
“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პროკურორთა კონფერენცია საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, პროკურორთა კონფერენციას მთავარი პროკურორი საჭიროებისამებრ მოიწვევს. კანონპროექტი დეტალურად არეგულირებს საპროკურორო კონფერენციის მიერ საბჭოს წევრთა არჩევის წესსა და პროცედურას.
“ასეთი ორგანოს არსებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს, რადგან პროკურორებს თავად ექნებათ შესაძლებლობა, ერთად, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პროკურატურისათვის მნიშვნელოვანი საკითხები”, – აღნიშნულია პროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. პროკურატურა კვლავ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში რჩება, თუმცა მასში სისტემური ცვლილებების განხორციელება იგეგმება.